Bugatti-ის საცხოვრებელ კორპუსში მანქანით პირდაპირ ბინაში მოხვედრა იქნება შესაძლებელი

ავტომწარმოებელი Bugatti, არაბთა გაერთიანებული საემიროების დეველოპერ Binghatti-სთან პარტნიორობით, საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს, რომლის პენტჰაუსზეც მანქანით ასვლა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

ახალი პროექტი Binghatti-ის გენერალურმა დირექტორმა, მუჰამედ ბინგატიმ და Bugatti Rimac-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მატე რიმაკმა წარადგინეს. პრესრელიზის თანახმად, Bugatti Residences by Binghatti „დუბაის გულში უძრავი ქონების ნოვატორული პროექტი გახდება.”

ტალღოვანი ფასადის მქონე ცათამბჯენი დუბაის თანამედროვე რაიონში, Business Bay-ში აშენდება.

შენობაში 171 ბინა და 11 პენტჰაუსი განთავსდება. მობინადრეების კომფორტული ზონა მოიცავს პლაჟს, საცურაო აუზს, ფიტნესკლუბს, რესტორანს, კერძო კლუბსა და, რაც მთავარია, მანქანის ორ ლიფტს, რომელიც ავტოფარეხიდან პენტჰაუსამდე ავა. მობინადრეები, ასევე, ისარგებლებენ ინდივიდუალური სერვისებით, როგორიც არის, მაგალითად, „პირადი მძღოლი და კონსიერჟი.“