თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების პრობლემას ინდივიდუალურად მიუდგება

ე.წ. ხრუშჩოვკების და ნგრევის პირას მყოფი სახლების პრობლემას თბილისის მერია უბნების მიხედვით, ინდივიდუალურ რეჟიმში უდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ვითარებაა ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის პროექტთან დაკავშირებით და რას უნდა ელოდოს მოსახლეობა.

"ჩვენ ვანვითარებთ ამ პროექტს ინდივიდუალურად უბნების მიხედვით, სადაც მოთხოვნა არსებობს კერძო სექტორის მხრიდან. ეს ეხება არა მხოლოდ "ხრუშჩოვკების" პროექტს, არამედ ძველი ნგრევის პირას მყოფი სახლების პროექტებს, სადაც გაზრდილი კოეფიციენტი მიეცემა ჩვენი მხრიდან მშენებელ კომპანიებს და ისინი ავითარებენ ამ პროექტებს. რამდენიმე ასეთი წინადადება ჩვენთან იყო შემოსული, განვიხილეთ და მწვანე შუქი მივეცით, რამდენიმე მათგანი ახლაც მოლაპარებისა და განხილვის სტადიაზეა. ასე რომ, ინდივიდუალურ რეჟიმში ვუდგებით უბნების მიხედვით ამ პრობლემას", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, რამდენი ე.წ. ხრუშჩოვკა და ავარიული სახლის განახლება და დემონტაჟი მოხდება ამ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო მინიმალური დაპირება იყო ის, რომ 50 სახლზე მეტის ჩანაცვლება მოხდებოდა. "ჩვენი წინასაარჩევნო მინიმალური დაპირება იყო ის, რომ 50 სახლზე მეტის ჩანაცვლება მოხდებოდა. 10-მდე პროექტი უკვე განხილულია და ზოგიერთ მათგანს უკვე მიეცა მშენებლობის ნებართვა", - განაცხადა ნარმანიამ.