აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ 31 ჩინური ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დიდი ბრიტანეთის, კენიის, ჩინეთის, ლაოსის, მალაიზიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE), პაკისტანის, სინგაპურის, ტაილანდის და სამხრეთ აფრიკის 50 კომპანიას ექსპორტის შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მთავრობის ოფიციალური დოკუმენტების კრებულში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც გზავნილიდან ირკვევა, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ, რომელიც აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის ნაწილია, შავ სიაში შეიყვანა 31 ორგანზიაცია ჩინეთიდან, 1 - კენიიდან, 1 - ლაოსიდან, 1 - მალაიზიიდან, 4 - პაკისტანიდან, 1 - სინგაპურიდან, 3 - სამხრეთ აფრიკიდან, 1 - ტაილანდიდან, 5 - არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და 2 - დიდი ბრიტანეთიდან.

კერძოდ, სიაში შედის Frontier Services Group Ltd, რომელსაც ადრე ამერიკელი მეწარმე და კერძო სამხედრო კამპანიის Blackwater-ის დამფუძნებელი ერიკ პრინსი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოგვიანებით სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მის მიმართ შეზღუდვები შემოღებულია ჩინელი სამხედრო მფრინავების მომზადებისა და სხვა აქტივობების გამო, რომლებიც „საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას“. სიაში ასევე შედის საფრენო სკოლა სამხრეთ აფრიკიდან, სატესტო მფრინავი აკადემია, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, იზიდავს ყოფილ ბრიტანელ სამხედრო მფრინავებს ჩინელი სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად.

აშშ-ს ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სიაში ყველა ორგანიზაცია ჩართულია „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში“.

დაწესებული შეზღუდვების შედეგად, მომწოდებლები ვერ შეძლებენ ამერიკული საქონლის გაგზავნას იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც სანქცირებულია აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ წინასწარ სპეციალური ლიცენზიის მიღების გარეშე. ამავდროულად, სალიცენზიო განაცხადების განხილვისას იმოქმედებს უარის პრეზუმფცია, ანუ, დიდი ალბათობით, ასეთი განაცხადები უარყოფილი იქნება.

კოკა კვირკველია