ნოდარ ხადური: 2008 წლის შემდეგ ამდენი უცხოური ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კონფერენცია მიმდინარეობს, თემაზე: "საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება".

ღონისძიებას ესწრებიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია იმართება საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნესპალატის და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის FEBI-ის ორგანიზებით.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია; სპეციალისტები, ეკონომისტები, ბიზნესთან ახლოს მდგომი ადამიანები, ბიზნესმენები იკრიბებიან და თავის წინადადებებს შეიმუშავებენ, რომელსაც ხელისუფლება შემდეგ დიდი ყურადღებით გაეცნობა.  "რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, მე მოვახდენ უბრალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სიტყვების ციტირებას, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო და ის მოუწოდებს ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ თავისი საქმიანობა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ სამ კვირაში თბილისში ჩატარდება მსოფლიო დონის ბიზნესფორუმი", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, შარშან საქართველოში 1 272 000 000 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რადგან 2008 წლის შემდეგ ამდენი უცხოური ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა.  "შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ საქართველო არის ძალიან ცნობილი და ცნობადი. მე გეტყვით ერთსაც, ისეთი გიგანტი როგორიცაა Tata power, ასეთი ბრენდები, სამწუხაროდ, ცოტა შემოდის საქართველოში. ის სწორედ წელს შემოვიდა და დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ენერგოსექტორში. ანალოგიური ვითარებაა სხვა მიმართულებით, ასე რომ, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ იმედიანები ვართ ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, იანვრის შემდეგ თებერვალი იყო გაცილებით უკეთესი და მარტშიც საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებლებია.

"მე უბრალოდ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას დაველოდები. მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა რეგიონში, რაც გამოწვეულია ძალიან ბევრი ფაქტორით, მათ შორის ეს არის არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, არამედ თუნდაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ჩვენთან მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია", - განაცხადა ხადურმა.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო კონფერენციაა, სადაც აკადემიური წრეების, ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები იმსჯელებენ საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაჯანსაღებასთან დაკავშირებულ მიმართულებებზე. "ჩვენ დედაქალაქში რამდენიმე საინტერესო აქტივობა დავგეგმეთ, რომელმაც საინვესტიციო პოტენციალის ზრდა უნდა გამოწივიოს და პირველი შედეგები უკვე სახეზე გვაქვს. ჩვენ შევქმენით სიანვესტიციო პროექტების მხარდამჭერი ჯგუფი, რომელმაც 100-ზე მეტი პრობლემური პროექტი განიხილა და მისცა მწვანე გზა მათ განვითარებას და ყველა შესაძლო დაბრკოლება თუ ადმინისტრაციული ბარიერი მაქსიმალურად შეუმსუბუქა მეწარმეებს", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივა შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის მხრიდანაც მხარდაჭერილია. "ჩვენ მშენებლობის ნებართვის K2 კოეფიციენტისგან გავათავისუფლეთ 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობები, რათა სტიმული მიეცეთ ქალაქში მშენებლობების განვითარებას და ამ თვალსაზირისით რამდენიმე გაჩერებული პროექტი უკვე დაიძრა. მას შემდეგ, რაც ბოლომდე იქნება მიყვანილი შესაბამისი ცვლილებები, უფრო მეტი პროექტები განვითარდება დედაქალაქში, რაც როგორც დასაქმების, ისე ეკონომიკური და სხვა სოციალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნარმანიამ.