უკრაინულმა ფოლადის დამამზადებელმა კომპანია AMKR-მა ახლახან საწარმოო ოპერაციები შეწყვიტა. კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კახოვკის კაშხლის აფეთქებას და წყლის მიწოდების საკითხს უკავშირდება.
ჯერჯერობით, არ არის კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა გავლენა ექნება ამას ფოლადის ფასებზე. წარმოების განახლება კი მაშინ იგეგმება, როდესაც კაშხლიდან წყლის გაჟონვა შეწყდება. თუმცა, ცხადია, არც ამის კონკრეტული თარიღია ცნობილი.
კაშხალი ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს სანაპიროზეა, რომლის აფეთქებამაც წყალდიდობა გამოიწვია და გადაუდებელი ევაკუაციის საჭიროება გააჩინა.
კომპანია AMKR წყალს, ძირითადად, გაგრილების მიზნებისთვის იყენებს, თუმცა ის მთლიანი საწარმოო პროცესისთვისაა აუცილებელი.
მიუხედავად იმისა, რომ არაა ცნობილი, რა ზიანი მიაყენა აფეთქებამ ამ კონკრეტულ კომპანიას, მონაცემებიდან ჩანს, რომ უკრაინაში ფოლადის წარმოება ისედაც იკლებს და 2023 წლის 4 თვეში 54%-ითაა შემცირებული წინა წელთან შედარებით. თუ წინა წლის იანვარ-აპრილში წარმოება 3.93 მილიონი ტონა იყო, წელს, იმავე პერიოდში, მაჩვენებელი 1.81 მილიონი ტონაა.
ცნობისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს, რის შემდეგაც 80-მდე დასახლებას დატბორვის საფრთხე შეექმნა.
ნეპოროჟნის სახელობის კახოვკის ჰესი ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის დნეპრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მეექვსე, ანუ ქვედა და ბოლო საფეხურს წარმოადგენს. ჰესი სამხრეთ უკრაინის რეგიონებისთვის ელექტროენერგიას და წყალმომარაგებას, ხოლო ხერსონიდან ზაპოროჟიემდე ნავიგაციას უზრუნველყოფს.
სადგურის დადგენილი ჯამური სიმძლავრე 334.8 მეგავატია, ხოლო წელიწადში, საშუალოდ, 1,420 მლნ კვტ.სთ ელექტორენერგიას გამოიმუშავებს.