2023 წლის I კვარტალში საქართველოში თვითმფრინავით   1.05 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა - PMCG

2023 წლის I კვარტალში საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით 1.048 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, რაც 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 49.9%-ით, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, 3.3%-ით მეტია. ამის შესახებ საუბარია PMCG-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

ამავე კვლევით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა ყველაზე მეტი იყო თბილისში (713 600). მას ქუთაისი (253 100) და ბათუმი (77 100) მოსდევს.

გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, თბილისის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა პანდემიამდელ დონეს ვერ აღწევს და 2019 წლის I კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11%-ით ნაკლებია. თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთა რიცხვმა პანდემიამდელ რაოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

გასული წლის I კვარტალთან შედარებით, წელს მგზავრთა ნაკადი შემცირდა ამბროლაურის აეროპორტში.

ამასთან, 2022-2023 წლების ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარულ რეისებს 41 ავიაკომპანია 61 მიმართულებით ახორციელებდა. ამ პერიოდში კვირაში ფრენების საშუალო რაოდენობა 390 იყო, რაც 6%-ით ნაკლებია 2018-2019 წლების ზამთრის სეზონისთვის დაგეგმილ ყოველკვირეულ რეისებთან შედარებით.

კვლევის თანახმად, 2023 წლის ზაფხულის სეზონზე, წინასწარი განრიგის მიხედვით, ავიაკომპანიების რაოდენობა 43-მდე გაიზრდება, მარშრუტების რაოდენობა კი 88-მდე. გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების საშუალო რაოდენობაც, რაც მოსალოდნელია, რომ 555-ს მიაღწევს. ეს წინა სეზონთან შედარებით 42.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წლის ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი ფრენების რაოდენობას კი 5.9%-ით ჩამორჩება.

cxrili-1686647734.png

თამარ მუკბანიანი