სოფლის მეურნეობის სამინისტრო და IFAD-ი ერთობლივ პროექტს იწყებენ

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროექტს "სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა" (AMMAR) იწყებს.

პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და აგრარული დარგის მეწარმეები ესწრებოდნენ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა.

ახალი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და, შესაბამისად, სიღარიბის დაძლევას. პროექტის ძირითადი მიმართულებები სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ძირითადი შიდა საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის შესაბამისი პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის განვითარებაა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა IFAD-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს დინა ნაბიილს იმ ძალისხმევისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოში არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება. "ახალი პროექტი, რომლის განხორციელებასაც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან ერთად ვიწყებთ, არაერთი მიმართულების ხელშეწყობას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატთან ადაპტირებული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა. ჩვენი მიზანია შევძლოთ სოფლად სიღარიბის დაძლევა, შესაბამისად, ის მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციისგან - სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD), ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსური დახმარება 19 მილიონამდე დოლარს შეადგენს, რომელშიც 6 მილიონამდე დოლარი გრანტია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც IFAD-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელმა დინა ნაბიილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითრებაში დაეხმარება.

"სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა" (AMMAR) მეხუთე პროგრამაა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი საქართველოში აფინანსებს. ახალი პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას ეხმიანება. ახალი პროექტით ჩვენ უნდა დავეხმაროთ ფერმერებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, ინვესტიციების მოზიდვაში. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, სახელმწიფოსთან ერთიანი ხედვით იქნება შესაძლებელი ხელშესახები შედეგის მიღება", - აღნიშნა დინა ნაბიილმა.