რა უნდა გაითვალისწინონ ბრუნო მარსის კონცერტზე დასწრების მსურველებმა

1-ელ ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი ბრუნო მარსი წარდგება. „Starring Georgia-ს“ ფარგლებში დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

როგორც უკვე ცნობილია, ბილეთები 20 ივნისიდან გაიყიდება.

რა უნდა გაითვალისწინონ კონცერტზე დასწრების მსურველებმა, იმისთვის, რომ ბილეთების შეძენა უფრო მარტივად შეძლონ, ამის შესახებ "ბლექსი არენას" პროექტების მენეჯერმა ციცი იაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, კონცერტზე დასასწრები ფეხზე დგომის ბილეთები დამატებით აპის საშუალებითაც გაიყიდება.

„რჩევა, რომელიც ამ კონცერტზე დასწრების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ პირველ რიგში, ყურადღებით უნდა იყოს „ბლექსი არენას“ ფეისბუკ გვერდთან, 19 ივნისს. იმიტომ, რომ გაიგოს ინფორმაცია საფასო კატეგორიების შესახებ, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა კატეგორიის ბილეთი უნდა და 20 ივნისს, უკვე დილის 10 საათიდან ჩაუსაფრდეს tkt.ge-ს ელექტრონულ პლატფორმას.

აქაც იყო ბევრი მითქმა-მოთქმა tkt.ge-ს შესახებ, რომ სერვერი ჩაწვება, მაგრამ უნდა გაგიმხილოთ რეალობა რაც არის, თუნდაც Imagine dragons-ის შემთხვევაში, საკმაოდ მომზადებულები დავხვდით. ზუსტად ამ ამბების გათვალისწინებით, ჩვენი თხოვნა იყო მათ მიმართ, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი, მაგრამ როდესაც დაფიქსირდა მომენტი, რომ 94 000 ადამიანი იყო მოლოდინის რეჟიმში, დამეთანხმებით, რომ ამხელა მასის მართვა ქართული კომპანიისთვის კი არა, ნებისმიერი საერთაშორისო tkt-სელერისთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა.

ანალოგიურად ვემზადებით ამ კონკრეტული შემთხვევისთვისაც. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხზე დგომის ბილეთები დამატებით გაიყიდება აპლიკაცია სუპერ აპის მეშვეობით, შესაბამისად, ვისაც არ უნდა ტრიბუნაზე, ანუ დასაჯდომი ბილეთის ყიდვა და აკმაყოფილებს ფეხზე დასადგომი ბილეთი, მათ შეუძლიათ, რომ tkt.ge-ს საიტზე რიგში აღარ დაკარგონ დრო და პირდაპირ სუპერ აპით ისარგებლონ“,- განაცხადა ციცი იაშვილმა.

ნინი ქეთელაური