გიორგი მარგველაშვილი: ბელორუსის გამოცდილება განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით არის საინტერესო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ბელორუსის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით არის საინტერესო.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ბელორუსის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ახალი კავშირები, ეს არის ახალი შესაძლებლობები და არა ახალი ბარიერები. ჩვენ მივისწრაფვით ამისკენ და ეს მისწრაფება იყო ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი ჩვენი პირადი ურთიერთობებისას, ასევე, სამთავრობო და ბიზნესდონეზე. საქართველო დიდი ინტერესით აკვირდება შესაძლებლობებს არა მარტო ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, არამედ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, იმ პოტენციალის და გამოცდილების მიმართ, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ქვეყნისგან, რომლის ბაზრის 80% ბელორუსში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას უკავია. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ციფრი პირიქითაა და გვინდა, ეს პრაქტიკა შევცვალოთ. ამისათვის, არანაირი პრობლემა თანამშრომლობისთვის არ არსებობს. გარდა ამისა, არსებობს სხვა შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო ხსნის, იმიტომ რომ საქართველოში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან დაბალი გადასახადებია, კორუფციის დაბალი დონე, ბიზნესის განვითარების კუთხით მაღალი რეიტინგი და ევროპასთან ვაჭრობის თვალსაზრისით ძალიან მაღალი შესაძლებლობებია. ჩვენ ვხსნით ამ გზას და ანალოგიურს ვხედავთ ბელორუსის მხრიდან. ამ კავშირებს ვუყურებთ, როგორც დამატებით შესაძლებლობებს, ახალ პოტენციურ ბაზრებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო სფერო საქრთველოსთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაა.