აშშ-ში ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

აშშ-ში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს. შრომის დეპარტამენტის თანახმად, მაისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის ტემპმა 4% შეადგინა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.

მაჩვენებლის შემცირება შეერთებულ შტატებში კვერცხზე, მეორად მანქანებსა და ავეჯზე ფასების დაცემამ განაპირობა და ინფლაცია წინა წლის პიკთან შედარებით განახევრდა.

ეს მონაცემები გავლენას იქონიებს ფედერალური რეზერვის მომდევნო შეხვედრისას მისაღებ გადაწყვეტილებაზე მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ცენტრალური ბანკი ამ თვეში საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად შეინარჩუნებს, მაგრამ ეს შეიძლება მიუთითებდეს განაკვეთების სამომავლოდ გაზრდის საჭიროებაზე.

კახი ჩაკვეტაძე