სომხეთიდან შემოტანილი 27 000 კგ დაავადებული კარტოფილი ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 27 000 კგ დაავადებული კარტოფილი ამოიღეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, 27 000 კგ კარტოფილით დატვირთული მანქანა შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის - Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობაზე მიუთითეს.

საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის ნიმუშებში, საკარანტინო მიკროორგანიზმი, კარტოფილის მურა სიდამპლე დაადასტურა.

საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.