ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოების გახსნას დაესწრო

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან ერთად, კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, პროექტის ბულგარელი და უკრაინელი პარტნიორები, შემოქმედებითი ტურიზმის საინფორმაციო ტურების ქართველი, ბულგარელი და უკრაინელი ტუროპერატორები და გიდების ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„კერამიკისა და ტექსტილის შემოქმედებითი სახელოსნოები აშენდა და ტექნიკურად აღიჭურვა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა (THC)“ ფარგლებში.

ღონისძიებაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა სახელოსნოები გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა, რომელიც ტურიზმის განყოფილებასთან თანამშრომლობით, რეგიონის წარმომადგენლებისა და ტურისტებისთვის საგანმანათლებლო მასტერკლასებს გამართავს. მასტერკლასებს „შემოქმედებითი ტურიზმისა და მემკვიდრეობის პროდუქტების ინოვაციური სტარტაპების" კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორები გაუძღვებიან.

კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო), კულტურული ტურიზმის ევროპული ინსტიტუტის (ბულგარეთი), ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდის (უკრაინა) ერთობლივი პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (THC 1130) ფარგლებში ჩატარდა. პროექტი (THC 1130) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.