ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონის ბანკებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროზონის ქვეყნების ბანკებს, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, მოუწოდა, რაც შეიძლება, მალე დატოვონ რუსული ბაზარი. ამის შესახებ ECB-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ანდრეა ენრიას განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს.

Reuters-ის შეფასებით, ეს „მეტად იშვიათი და აშკარა მოწოდებაა“ ECB-ის მხრიდან ბანკებისადმი რუსეთში ოპერაციების შეწყვეტის შესახებ.

რუსეთში ევროზონის რამდენიმე უცხოური ბანკის ფილიალი განაგრძობს მუშაობას. მათ შორის არის ავსტრიული Raiffeisen Bank International-ის (RBI) შვილობილი Raiffeisenbank და იტალიური UniCredit-ის ფილიალი, UniCredit Bank. ორივე ევროპული ბანკი აცხადებს, რომ რუსეთში თავიანთ ბიზნესს ამცირებს, თუმცა, Reuters-ის შეფასებით, ისინი რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. 23 მაისს Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ RBI-მ შვილობილი რუსული ბანკის ცალკე კომპანიად გამოყოფისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში მყიდველი ვერ გამონახა.

„ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია, ბანკები რისკების ზემოქმედების შემდგომ შემცირებაზე დარჩნენ ფოკუსირებული და ბაზრიდან რაც შეიძლება, მალე გავიდნენ... ეს არის პროცესი, რომელსაც არა მხოლოდ ვემხრობით, არამედ ამ პროცესის გავლას ბანკებისგან მტკიცედ მოვითხოვთ, რადგან რუსეთში ოპერირების გაგრძელება უზარმაზარ რეპუტაციულ რისკებს უკავშირდება,“ - აცხადებს ანდრეა ენრია.

მისი ცნობით, რუსეთში ევროპული ბანკები „ახალ სესხებს არ გასცემენ,“ ხოლო შვილობილი რუსული ბანკების გაყიდვა რუსეთის ხელისუფლების პირობების გამო გართულებულია. მაგალითად, ერთ-ერთი პირობა ქვეყნის პრეზიდენტის თანხმობაა. თუმცა ენრია აღნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მოქმედება აუცილებელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ