თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები 2024 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ გამოჩნდება. CNG გაზზე მომუშავე 160 ერთეულ ავტობუსზე კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა, უკვე დასრულდა. სწორედ ამ ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელ აპრილამდე მიაწოდოს, დანარჩენი 110 ავტობუსი კი, იმავე წლის ბოლომდე.
ცნობისათვის, თბილისის მერია 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას უკვე რამდენიმე წელიწადია ცდილობს. იყო ბევრი განცხადება, თუმცა შესყიდვის პროცესი რატომღაც დროში ჭიანურდებოდა. 2018 წელს თბილისის მერი აცხადებდა, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ქალაქში 2020 წლიდან ივლიდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მათი დედაქალაქში შემოყვანა 4 წლით დაგვიანდა.
ამჯერად კი 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი, რომელიც არა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და მერიამ, არამედ შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა, 2023 წლის 19 მაისს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისში ადრე დაანონსებული არა 200, არამედ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ერთი ერთეულის შესყიდვა კი ქალაქის მთავრობას 1 618 759 ლარი დაუჯდება, სწორედ ეს თანხა შესთავაზა გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო კომისიას.
სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 620 475 ლარს შეადგენდა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი კომისიას 1 618 759 ლარი შესთავაზა. შესაბამისად, გამოდის, რომ მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259 001 440 ლარი დაჯდება.
რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "თეგეტა მოტორსია“. აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერში წინადადებაც მხოლოდ ამ ერთმა კომპანიამ წარადგინა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „თეგეტა მოტორსი“ 2010 წლის იანვარს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 1.22%-ს თემურ კოხოძე ფლობს, 98.78%-იან წილს კი შპს თი ჯი ემჯგუფი. ამ უკანასკნელის 92.1%-იანი წილის მფლობელია თემურ კოხოძე, 3.95%-იან წილებს კი ფლობენ - მარინე მუმლაძე და გიორგი მშვილდაძე.
ტენდერების მონიტორის მიხედვით, „თეგეტა მოტორს“ მონაწილეობა მიღებული აქვს 5 758 ტენდერში, საიდანაც მოიგო 3 111 ტენდერი, 1 964 კი წააგო. აქამდე კომპანიის მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 165 380 704 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, კომპანიას გაფორმებული აქვს 11 881 გამარტივებული შესყიდვაზე ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 27 218 568 ლარი და 12 106 კონსოლიდირებულ შესყიდვაზე ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 33 457 149 ლარი.