პარლამენტში შესაძლოა ბიზნესმენებთან და ინვესტორებთან სპეციალური შეხვედრა მოეწყოს

პარლამენტში შესაძლოა ბიზნესმენებთან და ინვესტორებთან სპეციალური შეხვედრა - ერთგვარი ბიზნესფორუმი მოეწყოს.

ასეთი გადაწყვეტილების თაობაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის გიგლა აგულაშვილის შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც ჟურნალისტებს აგულაშვილმა განუცხადა, გიუნტერ ბეხლერი საქართველოს დიდი გუშემატკივრის პოზიციიდან საუბრობს.

"ჩვენ რომელიმე კონკრეტული "ქეისი" დეტალურად არ განგვიხილავს. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ინვესტორებს, ბიზნესმენებს პარლამენტში მოვიწვევთ, ერთგვარი ბიზნესფორუმი გვექნება. გადავწყვიტეთ მათ პარლამენტის არეალი დავუთმოთ, რათა თითოეულ ადამიანს მოვუსმინოთ, თითოეული პრობლემა გავიაროთ და დავინახოთ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, დავინახოთ ამას სისტემური ხასიათი აქვს, თუ არის გამონაკლისები და ინდივიდუალურ, პერსონალურ პრობლემას უკავშირდება. ამასთან, შევთანხმდით, რომ თუკი არსებობს სწრაფად ჩარევის აუცილებლობა, მზად ვართ, ცხელი ხაზის რეჟიმში გვქონდეს რეაგირება ასეთი ტიპის პრობლემაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს აგულაშვილმა.