ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი დაიხარჯება

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია"-სა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია SMK Ulusal Insaat -ს შორის, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და SMK Ulusal Insaat-ის გენერალურმა მენეჯერმა, ტაიფუნ კაიაშმა მოაწერეს. სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ქუთაისში სასმელი წყლის ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების ვადა 3 წელია, ხოლო ღირებულება კი 86 მილიონ ლარს შეადგენს.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. კონტრაქტორი კომპანია საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.