ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის მერიაში 13 განაცხადი შევიდა

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით, დედაქალაქის მერიაში 13 განაცხადი შევიდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში 13 განაცხადი შევიდა. განაცხადებიდან თბილისის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია არაუგვიანეს 30 მაისამდე 5 საუკეთესოს შეარჩევს, რის შემდეგაც გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება.

თბილისის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან იყო შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ, როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ პირს ან მათ გაერთიანებას.

მერიის ინფორმაციით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ ,,ნარჩენების მართვის კოდექსს" უკავშირდება. კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.