ეგვიპტეს BRICS-ში გაწევრიანება სურს

რუსეთის ელჩმა კაიროში გეორგი ბორისენკომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

„ეგვიპტემ BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანება მოითხოვა, რადგან ერთ-ერთი ინიციატივა, რომლითაც BRICS ამჟამად არის დაკავებული, არის ვაჭრობის მაქსიმალური გადასვლა ალტერნატიულ ვალუტაზე, იქნება ეს ეროვნული თუ რაიმე სხვა სახის ერთობლივი ვალუტის შექმნა. ეგვიპტე ძალიან დაინტერესებულია ამით“, - განაცხადა დიპლომატმა TASS-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ზოგადად ეგვიპტე რუსეთთან სავაჭრო და სხვა სახის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დიდ სურვილს იჩენს. „ახლა არის ამ სავაჭრო ოპერაციებში ურთიერთდარეგულირების ახალი მექანიზმების შენების პროცესი“, - დასძინა ელჩმა.

BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 2 ივნისს კეიპტაუნში გაიმართა. მას ასევე ესწრებოდნენ „გლობალური სამხრეთის“ 12 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც გამოთქვეს ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი. ესენი არიან: არგენტინა, ბანგლადეში, ვენესუელა, გაბონი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, ინდონეზია, ირანი, კომორის კუნძულების კავშირი, კუბა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი.

BRICS-ის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება 2009 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან - რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.

კოკა კვირკველია