2022 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 109.2 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური კულტურის 2022 წლის სტატისტიკაში წერს.
მათივე ცნობით, რაოდენობამ 1,688 მლნ კაცი შეადგინა. საშუალოდ, ერთ მუზეუმზე 6.7 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
ასევე, გაიზარდა ექსკურსიების რაოდენობაც. 2022 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 95%-ით გაიზარდა და 39 110 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 59%-ით გაიზარდა და 854 ერთეული იყო.
2022 წელს საქართველოში 252 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 71 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 24 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 44 სხვა სახის მუზეუმს.
2022 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა ქ. თბილისში (23.0 %). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.9%) და კახეთის (13.5%) რეგიონებია.