ქართულ და ბელორუსულ ბიზნესკომპანიებს შორის 5 შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, ქართულ და ბელორუსულ ბიზნესკომპანიებს შორის უკვე 5 შეთანხმება და ერთი მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელი ბიზნესფორუმის შემდეგ ქართველ და ბელორუს ბიზნესმენებს შორის შეხვედრები დღესაც გრძელდება. "ორი ქვეყნის პრეზიდენტების როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. განხილულ იქნა კონკრეტული პროექტები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში გუშინ უკვე მოეწყო ბიზნეს ფორუმი, რომელიც საქართველოსა და ბელორუსის სავაჭრო პალატების ორგანიზებით გაიმართა და რომელშიც 50-მდე ბელორუსული და 200-ზე მეტი ქართული უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესმენებს შორის გაფორმდა 1 მემორანდუმი და 5 შეთანხმება, თუმცა მოლაპარაკებები და შეხვედრები დღესაც გრძელდება. ჯამში საუბარია დაახლოებით 200 მილიონის მოცულობის პროექტებზე, რომელთა შორისაა ერთობლივი საწარმოების შექმნა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე შეფასებით, სავაჭრო ბრუნვა, რომელიც საქართველოსა და ბელორუსს შორის დღესდღეობითაა, არ ასახავს იმ რეალურ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია. "ამიტომ აუცილებელია ამ ურთიერთობების გაღრმავება. მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსი არის საბაჟო კავშირის წევრი, ჩვენ კი ავირჩიეთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს არ უშლის ხელს ორ ქვეყანას, გააღრმაონ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები", - აღნიშნა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა.