სემეკში "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფის ოდენობაზე ჯერ ვერ საუბრობენ

როგორ იქნება საბოლოო ტარიფი "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიაზე, ამაზე საბოლოო პასუხი დოკუმენტაციის სრული ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში.

კომისიის წევრების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტარიფის რაოდენობაზე წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია. "ამ ეტაპზე ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტში დაწყებულია დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც წარმოადგინა "ენერგო პრო ჯორჯიამ" თავის წერილობით მოთხოვნასთან და "ჯი-ფაეურმა" თავის წერილობით მოთხოვნასთან ერთად. ამ დოკუმენტაციის სრული ანალიზის დასრულების შემდეგ კომისიას ექნება კონკრეტული გადაწყვეტილება და პროექტის სახით ჩამოყალიბებული მონაცემები, რომელშიც გამოკვეთილი იქნება, თუ როგორი იქნება საბოლოო ტარიფი. იქიდან გამომდინარე, რომ "ენერგო პრო ჯორჯიას" შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში შეიძლება მოხდეს ტარიფის გადახედვა და ელექტროენერგიის წარმოების ნაწილში თბოსადგურებისთვის ტარიფის გადახედვა, შესაძლოა, გარკვეულწილად შეიცვალოს ტარიფი, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით", - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში.

"ენერგო პრო ჯორჯიამ" სემეკ-ს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით 15 აპრილს მიმართა. დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკ-ში პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში შესული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს "ჯი-ფაუერის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფისა და "ენერგო პრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირების შესახებ.