საქართველომ და ბელორუსმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ბელორუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის "შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" ასევე "საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებებს.

"ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო, "საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ" შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების გაწევას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, ასევე საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სტატისტიკური მონაცემებით, ბელორუსი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2010-2014 წლებში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 303 850 200 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 142 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ორ ქვეყანას შორის განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 2010-2014 წლებში - 132 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 47 ქვეყანასთან, ხოლო საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება მოქმედებს 16 ქვეყანასთან.