„არ არსებობს შემთხვევა, რომ ჩვენ მოვემსახუროთ ერთსქესიან წყვილებს - იუსტიციის სამინისტროში აბსოლუტურად ყველა „ქეისი“ კონტროლდება“ - მედიცინის დოქტორი სუროგაციაზე

„არ არსებობს შემთხვევა, რომ ჩვენ მოვემსახუროთ ერთსქესიან წყვილებს. ეს კონტროლდება იმ დოკუმენტაციით, რომელსაც აკეთებს კლინიკა, ნოტარიუსი და იუსტიციის სამინისტროში აბსოლუტურად ყველა „ქეისი“ კონტროლდება“,- ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა ნატალია ხონელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

საუბარია, მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია.

„ჩვენ, რეპროდუქტოლოგები და ზოგადად, ექიმები, აბსოლუტურად ყველა რეგულაციას ვეთანხმებოდით და ყოველთვის ვასრულებდით მას, 2000 წლიდან მოყოლებული (პირველი ბავშვი მაშინ გაჩნდა). მე როგორც დამფუძნებელი, ჩარეული ვიყავი კანონის შექმნაში და ჩვენი მონაწილეობთ მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგ, როდესაც ქალბატონი წულუკიანის ბრძანება გამოვიდა და ეხებოდა ასევე წყვილების რეგისტრაციაში ყოფნას (ასევე, ერთი წლის თანაცხოვრების შემდეგ შეუძლიათ ისარგებლონ სუროგაციით), ყველა კანონს აბსოლუტურად ვერგებოდით და ვახორციელებდით.

ჩვენ ასევე მონაწილეობა მივიღეთ 2019 წელსაც იმ კანონპროექტის შემუშავებაში, რაც ევროკავშირის მიერ გამოიცა, სერბეთის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და შეიქმნა ის კანონპროექტიც, რომელიც ასევე ჯანდაცვის და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ. ველოდით, რომ ეს კანონპროექტი შევიდოდა პარლამენტში განსახილველად, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ მიგვეღო პასუხი, შევიდა თუ არა, ან მოსმენაზე ჩვენც ვყოფილიყავით ექსპერტები, მივიღეთ პრემიერ მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ საერთოდ იკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია. და, არა მარტო, თურმე, მინისტრმა ესეც გააჟღერა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკრძალება ინვიტრო განაყოფიერებაც. ეს საერთოდ წარმოუდგენელი თემაა, იმიტომ, რომ თუ ქართველი მოქალაქეებისთვის შესაძლებელია სარგებლობა, მაშინ უცხოელებისთვის რატომ არა?! უნდა ვიცოდეთ მიზეზი“,- განაცხადა ნატალია ხონელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქართულ კლინიკებში უცხოელი წყვილების მხრიდან სუროგაციასა და ინვიტროს სერვისზე მოთხოვნა მზარდია. კერძოდ, თუ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საერთო მაჩვენებელში 5-10% მოდიოდა მხოლოდ უცხოელებზე, დღეის მდგომარეობით, ყოველი 100 შემთხვევიდან 50%-ზე მეტი უცხოელია.

„რაც შეეხება ერთსექსიანთა ქორწინებას, ჩვენს ქვეყანაში ვიცით, რომ ოჯახი არის ცოლისა და ქმრისაგან შემდგარი, ცალსახად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთსქესიანთა ქორწინებაში მყოფ პირებს გავუწიოთ სუროგაციის მეთოდის მომსახურება. შესაბამისად, არ არსებობს შემთხვევა, რომ ჩვენ მოვემსახუროთ ერთსქესიან წყვილებს. ეს კონტროლდება იმ დოკუმენტაციით, რომელსაც აკეთებს კლინიკა, ნოტარიუსი და იუსტიციის სამინისტროში აბსოლუტურად ყველა „ქეისი“ კონტროლდება. არცერთი ბავშვი არ გადის საზღვრებს იქით დოკუმენტაციის გარეშე და პასპორტში იწერება დედა და მამა. ანუ, ეს ყველაფერი არის დარეგულირებული იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“,- განაცხადა ნატალია ხონელიძემ.

ნინი ქეთელაური