"საქართველოს რკინიგზამ" "გრანულირებული გოგირდის" გადაზიდვა დაიწყო

"საქართველოს რკინიგზამ" "გრანულირებული გოგირდის" გადაზიდვა დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზამ" კომპანიასთან TRACIA TRADING AG მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და კომპანიის კომერციულმა მენეჯერმა თემურ ხოჯავამ მოაწერეს.

როგორც ხელმოწერის ცერემონიალზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 10 დღის წინ იგი თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკება მოხდა და პირველად "საქართველოს რკინიგზის" ისტორიაში ტრასეკას დერეფანით მოხდება "გრანულირებული გოგირდის" გადაზიდვა. წელიწადში გათვალისწინებულია 500 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა, სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნული ტვირთის ერთ მილიონ ტონამდე გაზრდა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ტვირთის მარშრუტია თურქმენბაში-ბაქო-ფოთი, საბოლოო დანიშნულების წერტილი კი მაროკო. აღნიშნული ტვირთის გადაზიდვით "საქართველოს რკინიგზის", ფოთის პორტისა და ტერმინალის მეშვეობით ქვეყნის ბიუჯეტში წელიწადში 30 მილიონი დოლარი შევა.