კატარი ერაყის ეკონომიკაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

კატარი უახლოეს წლებში ერაყის ეკონომიკაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს. ამის შესახებ კატარის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.

მისი ინფორმაციით, კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრთან მოჰამედ ალ-სუდანთან მოლაპარაკებების დროს, გამოთქვა თავისი განზრახვა ერაყის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირების შესახებ. უწყების ცნობით, მოლაპარაკებებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

გარდა ამისა, კატარის საინვესტიციო ჰოლდინგმა Estithmar-მა ხელი მოაწერა 7 მილიარდიან რამდენიმე ხელშეკრულებას ერაყის ეროვნულ საინვესტიციო ორგანოსთან. სააგენტოს ცნობით, ხელშეკრულებები გულისხმობს რესპუბლიკაში სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენას, უძრავი ქონებისა და ტურისტული ბაზრის განვითარებას და ერაყის სამედიცინო დაწესებულებების ინტეგრაციას კატარის ჯანდაცვის სისტემაში.

ხუთშაბათს ყატარის ემირი ოფიციალური ვიზიტით ბაღდადს ეწვია. მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ კატარიდან ერაყში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, ერთობლივი ნავთობკომპანიის შექმნაზე და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე.

კოკა კვირკველია