,,ცვლილებებით გამოდის, რომ რეგულირების სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი, თავისი არსით მოსამართლე ხდება" - ანდრია ურუშაძე

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფლებები ფართოვდება. როგორც ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, დღევანდელი კანონმდებლობით სააგენტო ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ამბობს, რომ ცვლილებებით რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებს მოსამართლის უფლებამოსილება ენიჭებათ.

„მრჩება შთაბეჭდილება, ყველა ცვლილებით, რომელიც ამ პაკეტშია, ადამიანებს აქვთ წარმოდგენილი ისე, რომ რეგულირების სააგენტო უნდა გადაიქცეს საგამოძიებო-სადამსჯელო ორგანოდ, რაც არასწორია. თავისი შინაარსით ეს რეგულირების ცნებას სცილდება.

წარმოიდგინეთ, რომ შევიდა შემმოწმებელი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, რაც შეიძლება დარეგულირდეს სასამართლოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კოორდინაციით. უნდა ითქვას, რომ 72 საათი მაქსიმალური ვადაა, მოსამართლემ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს 1 საათშიც, საჭიროებისამებრ. იმისთვის, რომ ეს შესვლა დაჩქარდეს, ნამდვილად არ არის სასამართლოს როგორც მედიატორის როლის ამოგდება საჭირო. ეს არის მოგონილი არგუმენტი, თითქოს დროს აჩქარებს. როცა შემმოწმებელი შემოდის და ასკვნის, რომ მაგალითად ლიცენზიას აჩერებს, ხომ უნდა ჰქონდეს კლინიკას გასაჩივრების საშუალება, თუ თვლის, რომ მართალია? დღეს სასამართლოა ერთადერთი ორგანო, რომელიც წყვეტს, შეჩერდეს თუ არა გადაწყვეტილება, ვინ არის მართალი.

დღევანდელი ცვლილებებით, ეს უფლება ერთმევა კლინიკას, რომელსაც აქვს უფლება გაასაჩივროს, თუმცა პროცესში საქმიანობას ვერ აგრძელებს. ცვლილებებით გამოდის, რომ რეგულირების სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი, თავისი არსით მოსამართლე ხდება. მეტსაც გეტყვით, ზემო ინსტანციაში გასაჩივრების დროსაც კი არ ჩერდება გადაწყვეტილება. ანუ ფაქტობრივად, კლინიკა მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებაზე. ეს არის მთავარი. სახელმწიფოში ყველას თავისი როლი აქვს და ეს როლები იცვლება კარდინალურად", - განაცხადა ურუშაძემ „საქმეში".

თამარ მუკბანიანი