საბურთალოს გამგეობამ მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგება დაიწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მის ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ სოფლებში მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგება დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში აგრობარათით 1700-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. ყოველი მათგანი მიწის სამუშაოების დაფინანსებას საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის მიხედვით დადგენილი ქულების შესაბამისად მიიღებს.

მერიის განმარტებით, "აგრობარათი" საბანკო ბარათია, რომლის აღებაც პროექტის მოსარგებლეებს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ. "აგრო ბარათზე" ჩაირიცხება პროექტის ფარგლებში მოსარგებლისთვის განკუთვნილი სარგებლის ღირებულების შესაბამისი ქულები (1 ლარი - 1 ქულა) აგრობარათზე დარიცხული ქულების მეშვეობით მოსარგებლეს შეუძლია მხოლოდ სასოფლო­ სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა, სანერგე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა მომწოდებლებისგან.

"მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: http://www.apma.ge/cards2014/about_project.apma