ირლანდიელების 20% თავს მარტოსულად გრძნობს. ამის შესახებ ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის ბოლო გამოკითხვის შედეგებში არის ნათქვამი, რასაც „ევროპულსი“ ავრცელებს.
„მარტოხელა“ ქვეყნების სიაში ირლანდიის შემდეგ ლუქსემბურგი, ბულგარეთი და საბერძნეთი არიან. ყველაზე ნაკლებად მარტოობას ნიდერლანდებში, ჩეხეთში, ხორვატიასა და ავსტრიაში განიცდიან. ამ ქვეყნებში სათითაოდ მარტოობას გამოკითხულთა 10% განიცდის.
გამოკითხვაში ევროკავშირის 27-ვე ქვეყნიდან 16 წელზე უფროსი ასაკის 25 ათასზე მეტმა ევროპელმა მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ, რესპონდენტთა 13%-მა აღიარა, რომ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მუდმივად ან უმეტესად განიცდიდა მარტოობას, ხოლო გამოკითხულთა 35%-მა აღნიშნა, რომ მარტოსულად დროდადრო გრძნობდა თავს.
მარტოობის შეგრძნება ასაკის, ასევე, შემოსავლისა და განათლების მატებასთან ერთად მცირდება. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს განიცდიან, როგორიც არის ახლობელ ადამიანებთან განშორება, სამუშაოს დაკარგვა ან სწავლის დამთავრება, მარტოობით უფრო მეტად იტანჯებიან.
ამასთან, კოვიდპანდემიის გამო ევროპაში მარტოსული ადამიანების რიცხვი გაორმაგდა, ამიტომ ევროკავშირმა ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო. ევროპის ქვეყნებში მარტოხელათა დასახმარებლად სხვადასხვა პროექტები გაჩნდა.
მაგალითად, ნიდერლანდურ სუპერმარკეტებში ე.წ. საჭორაო სალაროები გაიხსნა, სადაც საყიდლებზე თანხის გადახდის დროს მოლარეები მზად არიან, მომხმარებლებთან დიდი ხნის განმავლობაში გააბან საუბარი. ასევე, შვედეთის ქალაქ გოტებორგში დამონტაჟდა სკამები, რომლებიც მარტოხელა მოქალაქეებს უცხო ადამიანებთან გასაუბრებაში ეხმარება. საფრანგეთში ამოქმედდა სერვისი, რომელიც ხანდაზმულ მარტოხელა ფრანგებს საშუალებას აძლევს, ფრანგულის შემსწავლელ უცხოელებს მთელ მსოფლიოში გაესაუბრონ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ