ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი, რევაზ კურტანიძე დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა გარკვეული ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა, რომ უფლებას მისცემდა, მისი სამოქმედო სატყეო უბნის ტერიტორიაზე უკანონოდ მოეპოვებინა დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის I ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-წლიდან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.