2022 წელს სახელმწიფო სტრუქტურებმა ტენდერებში 423 761 645 ლარი დაზოგა - ამის შესახებ აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს გასული წლის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლოს, მომსახურების თუ სამშნებელო სამუშაოების შესარულებლად 4 373 505 323 ლარზე დაიდო ხელშეკრულება. მიმწოდებლებს შორის კონკურენციის პირობებში, საერთო ჯამში დაფიქსირდა დაახლოებით 424 მილიონი ლარის ეკონომია. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი - დაახლოებით 275 მილიონი ლარი, დაიზოგა ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სახის სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში, 90 მლნ ლარზე მეტი საქონლის, ხოლო 58 მლნ ლარამდე მომსახურების შესყიდვაზე.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაზოგა - ჯამში 86 515 319 ლარი, მეორე ადგილზეა შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 25 005 431 ლარით, 24 757 573 ლარის დანაზოგით სამეულში მოხვდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.
2022 წელს „ტოპ 10“ შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიის მიხედვით
დაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში დაფიქსირებული ეკონომიის 49% (208 მილიონი ლარი) მიღებულია ათი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.
ცნობისათვის, შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლის, მომსახურების თუ სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 4.3 მლრდ ლარზე დაიდო ხელშეკრულება. ამასთან, ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებზე რეკორდული თანხა 7.399 მლრდ ლარი დაიხარჯა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10.3%-ს შეადგენს. 2021 წელს ეს თანხა 5.7 მილიარდს შეადგენდა.