ბედნიერების მსოფლიო ინდექსში საქართველო 130-ე ადგილზეა

კვლევა სულ 158 ქვეყანაში ჩატარდა.

საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 130-ე ადგილზეა. ამის შესახებ ახალი კვლევა გაერო-ს ინიციატივით, ორგანიზაცია SDSN-მა გამოაქვეყნა. კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ჩატარდა. მათ შორის - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, საქართველოში ამ კრიტერიუმებიდან მოსახლეობის ბედნიერებას ყველაზე მეტად მშპ-ის რაოდენობა და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა განსაზღვრავს. SDSN-ის ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა შვეიცარიას ჰყავს, შემდეგ მოდის ისლანდია, დანია, ნორვეგია და კანადა. ყველაზე უბედურ ქვეყანათა რიცხვს კი განეკუთვნებიან ტოგო, ბურუნდი, ბენინი, რუანდა და სირია. კვლევა სულ 158 ქვეყანაში ჩატარდა.