ჩინეთი-ევროპის მარშრუტზე ტრანზიტულ სახმელეთო გადაზიდვებში ყაზახეთის წილი 80%-ია. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც Day.Az ავრცელებს.
მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), ანუ შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. თოყაევის თქმით, TITR-ში ყაზახეთის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბის როლი იზრდება. მან ხაზი გაუსვა ამ სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრებს ერთმანეთთან აკავშირებს.
თოყაევის მონაცემებით, გასულ წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით, დაახლოებით 1,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირის სტრატეგია Global Gateway-ის ინიციატივებში ყაზახეთი თავის პროექტებს განახორციელებს. ამასთან, თოყაევი პირობას დებს, რომ ყაზახეთი გერმანიის ეკონომიკას ენერგიითა და საჭირო ნედლეულით უზრუნველყოფს, „რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პერიოდში.“ ამის კარგ მაგალითად პრეზიდენტი გერმანული მხარის მოთხოვნით ქალაქ შვედტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის ყაზახური ნავთობის მიწოდებას ასახელებს.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სატკალიევმა გუშინ განაცხადა, რომ ყაზახეთი გეგმავს, მილსადენ „დრუჟბით” გერმანიისთვის ყოველთვიური ნავთობმიწოდების მოცულობა არსებული 20 000 ტონიდან 5-ჯერ, 100 000 ტონამდე გაზარდოს.
ყაზახური ნავთობი „დრუჟბით“ შვედტის გადამამუშავებელ ქარხანას მიმდინარე წლის თებერვლიდან მიეწოდება, რომლის მოცულობამ უკვე 190 ათასი ტონა შეადგინა. „ყაზტრანსოილს“ მილსადენის ოპერატორ კომპანია „ტრანსნეფტისგან“ წელს გერმანიისთვის 1,2 მილიონი ტონა ნავთობმიწოდების კვოტა აქვს მიღებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ