ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო მატების საკითხზე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

პრემიერი დაინტერესდა, რატომ მოხდა მარეგულირებელ კომისიაში შესული განაცხადის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და განმარტა, რომ აღნიშნულმა "ხელოვნურად ინსპირირებულის" შთაბეჭდილება შეუქმნა.

"გუშინ მოხდა მხოლოდ განაცხადების განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. უბრალოდ მედიასაშუალებებში გავრცელდა ეს ინფორმაცია. არც ერთი წინადადება ჯერ შინაარსობრივად განხილული არ არის და ვერანაირ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

თავის მხრივ, პრემიერმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. "რა საჭირო ამ თემის ასე საჯაროდ ატაცება? ამან მიმანიშნა, რომ ეს ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ჯერ არ არის განხილული არც ერთი წინადადება, ამ დროს კი მოსახლეობას ხელოვნურად ძაბავთ. ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურ სპექტაკლს და გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისგან, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია. ამ ეტაპზე არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.