„არემჯის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „არემჯის“ და თსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი, „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მისი მიზანია: სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების მოდიფიცირებაში კომპანიის აქტიური მონაწილეობა და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობა.

„ჩვენი სურვილია, ბევრ წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელთან გავაფორმოთ მემორანდუმი. წლების წინ ეს თანამშრომლობა დავიწყეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომლის სტუდენტებსაც დღეს არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას და დასაქმების შესაძლებლობას ვთავაზობთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიური შედეგების მომტან და რაც მთავარია გრძელვადიან თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა, რომლებიც ფლობენ და ავითარებენ თავიანთი პროფესიის შესაბამის ცოდნას თანამედროვე პროგრამებითა თუ ინსტრუმენტებით და აქვთ თავიანთი საქმის გულწრფელი ინტერესი. კომპანიისთვის პრიორიტეტულია თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ისეთი მიმართულები, როგორიც არის ქიმია და გეოლოგია. ჩვენ მზად ვართ უკვე მიმდინარე წლიდან ამ მიმართულების სტუდენტებს აქტიურად შევთავაზოთ სტაჟირების პროგრამები. ასევე გავაცნოთ დასაქმების შესაძლებლობები კომპანიის ქიმიურ ლაბორატორიაში“, - განაცხადა ჯონი შუბითიძემ.

ამასთან, ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის ეს მემორანდუმი კომპანიის საწარმოებში სტაჟირების და საუნივერსიტეტო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობაა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „არემჯისთან“ გაფორმებული მემორანდუმი, ვინაიდან ის რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის კომპანიის საწარმოებში სტაჟირების და საუნივერსიტეტო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა. ასევე კურსდამთავრებულთათვის - დასაქმების რეალური პერსპექტივა. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობა იმ კვლევებში, რომელსაც კომპანია ახორციელებს“, - განაცხადა სამუშიამ.

„არემჯის“ ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე, „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თსუ-ს რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, დაბა კაზრეთში, „არემჯის“ საწარმოების ადგილზე გასაცნობად მიიწვია.