უკრაინელებმა პუტინის მხარდამჭერი რუსი რეჟისორის არასანქციერებულ ვილას მიაკვლიეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და პუტინის მხარდამჭერ რუს რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს ესპანეთში აქვს უძრავი ქონება, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტური გამოძიების მასალებში არის ნათქვამი, რასაც პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.

გამოცემის მონაცემებით, მიხალკოვის ოჯახი ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კადისის პროვინციის ქალაქ სან როკეში ფლობს ვილას, რომლის 25-25%-იანი წილის მესაკუთრეები სათითაოდ არიან მიხალკოვის ცოლი, ტატიანა და მათი სამი შვილი, ანა, ნადეჟდა და არტემი. ამის გარდა, ესპანეთის იმავე სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ ალიკანტეში მიხალკოვის ერთ-ერთი ქალიშვილი ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამ ბინას ფლობს.

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ არც სან როკეს ვილა და არც ალიკანტეს ბინები დასავლური სანქციების სიებში, რომლის ფიგურანტიც მიხალკოვია, შეტანილი დღემდე არ არის. ევროკავშირის სანქციების ქვეშ პირადად მიხალკოვის საკუთრებაში არსებული ქონების მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, ესპანურ ალფაზ-დელ პიში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და კლინიკა შევიდა.

„მიხალკოვი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ ებრძვის რუსი პროპაგანდისტი ევროპას რუსეთში და ამავე დროს ევროპაში ვილას და სხვა უძრავ ქონებას ყიდულობს,” - წერს გამოცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ