ფოთში ოპოზიცია წყლის ტარიფის შემცირებას ითხოვს

ფოთში ოპოზიცია წყლის ტარიფის შემცირებას ითხოვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ყველა ქალაქში, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს, წყლის ტარიფი 42 თეთრია, ფოთში კი, აბონენტებს 80 თეთრის გადახდა უწევთ. როგორც ისინი ამბობენ, ტარიფის გადახედვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს სემეკს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის ტარიფი, ზღვრული განსაზღვრა, მაგრამ დადგენილებაში ჩაწერა, გარდა ქალაქ ფოთისა. ანუ სადაც ოპერირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, იქ ყველგან ტარიფი არის 42 თეთრი, ხოლო ფოთში არის 80 თეთრი, რომელიც ორჯერ მეტია სხვა რეგიონებთან შედარებით. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მივმართეთ სემეკს, სახალხო დამცველს, ენერგოომბუდსმენს, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამივე ინსტიტუტიდან სხვადასხვა პასუხი მივიღეთ. ჩვენ მოვითხოვთ სემეკმა, კანონის თანახმად, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და სთხოვოს კომპანიას წარმოადგინოს გაანგარიშება დაზუსტებული და მიიღოს გადაწყვეტილება ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას სემეკი ჯიუტად არ აკეთებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყალმომარაგების კომპანიასთან ურთიერთგარიგებაში არიან, რითაც ზარალდება მოსახლეობა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ხომერიკმა.