"თელასმა" 2015 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია "თელასმა" 2015 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

კომპანიის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში "თელასმა" 657,6 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,9%-ით (47,9 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (609,7 მილიონი კვტ.სთ).

კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკური აქტივობისა და მომხმარებელთა რაოდენობის 3,3% (17,7 ათასით) ზრდამ გამოიწვია. "2015 წლის იანვარ-მარტში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6,8%-ით (39,4 მილიონი კვტ.სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 620,4 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებამ განაპირობა. 2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 654 კმ შეადგინა, რაც 5,9%-ით (260 კმ-ით) აღემატება 2014 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 394 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა", - განმარტავენ "თელასში".