"საქართველომ უნდა ისარგებლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით"

"როდესაც დოლარის კურსი ეცემა, რუსეთიდან იკლო გზავნილების რაოდენობამ, ხოლო - რუსეთში ექსპორტმა, ცხვირის აბზუების ფუფუნება არ გვაქვს"

მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში, თხილისა და მშრალი ხილის გადამამუშავებელი მასშტაბური საწარმო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ზუგდიდში მდებარე თხილის გადამამუშავებელი კომპანია შპს "ბეტაჩი"და რუსი ინვესტორები ერთობლივად ახორციელებენ.

ბიზნესმენი არჩილ ვეკუა ახლად დაფუძნებულ კომპანიაზე "სნესქო", სამომავლო გეგმებზე, თხილის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე, ბიზნეს გარემოსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა:

- ბატონო არჩილ, რამდენი ხანია, რაც კომპანია ოპერირებს რეგიონში?

- კომპანია "ბეტაჩი"დაახლოებით 2 წელია, რაც დაფუძნდა და თხილისა და ნუშის ექსპორტს აწარმოებს ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში. ამ სფეროში ერთ-ერთ მსხვილ რუსულ კომპანიასთან ერთად, ზუგდიდში ახალი ქარხნის აშენებას ვგეგმავთ.

- პროექტი მთლიანად რუსული ინვესტიციით დაფინანსდება?

- პროექტის განსახორციელებლად მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციის ჩადება იგეგმება. 400 ათასი აშშ დოლარი ქართულ - რუსული ინვესტიციაა, TBC ბანკის მეშვეობით ვგეგმავთ 600 000$ ოდენობის შეღავათიანი აგროსესხის ათვისებას, პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია დღეს რეგიონში საინვესტიციო გარემო?

- როგორც იცით, სანქციების გამო რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია, ანუ ევროპაში რუსეთიდან ვეღარ გადის დაფასოებული თხილი, ნუში და სხვა. ამ პირობების გათვალისწინებით, რუსულ კომპანიას შევთავაზეთ საქართველოში ეწარმოებინა პროდუქცია და უკვე აქედან განეხორციელებინა მისი ექსპორტი ევროპაში, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ვფიქრობ, ბიზნესმა და ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს დღევანდელი სიტუაციით. რაკი რუსეთის მიმართ დაწესებულია სანქციები და რუსეთის პროდუქცია ჩაკეტილია ევროპის ბაზრისთვის, დღეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რუსული ინვესტიცია გადმოიტვირთოს საქართველოში, აქ მოხდეს პროდუქციის წარმოება და აქედანვე განხორციელდეს ექსპორტი ევროპაში.

- მსგავს წინადადებას შეიძლება არაერთგვაროვანი შეფასება და რეაქცია მოყვეს...

- იმ ვითარებაში, როდესაც დოლარის კურსი ეცემა, რუსეთიდან იკლო გზავნილების რაოდენობამ, ხოლო - რუსეთში ექსპორტმა, ვთვლი, რომ ცხვირის აბზუების და მორალის კითხვის ფუფუნება არ გვაქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, ყველაფერი დროულად გადაეწყოს ევროპაზე. არც მთავრობას და არც ბიზნესს დღეს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ დამოუკიდებლად დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩაიდოს ამ სფეროში.

- დღეს რამდენად გრძნობს ბიზნესი მხარდაჭერას მთავრობისგან?

- მხარდაჭერას ვგრძნობთ ეკონომიკური გუნდის მხრიდან, მათ შორის - ინვესტორების მოზიდვის მხრივაც. თუმცა, აქცენტი მაინც ევროპელ ინვესტორებზე კეთდება, მაშინ როდესაც, განსხვავებით მათგან, რუს ინვესტორებს უკვე ათვისებული აქვთ ევროპული ბაზარი და დალაგებული აქვთ იქ გაყიდვები. აქედან გამომდინარე, მათი საქართველოში შემოყვანა დღეს უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური იქნებოდა. დღეს ისინი პროდუქციას ვერ აწვდიან ევროპულ ბაზარს, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის საშუალება ჩვენ გვეძლევა, რაც გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ბიზნესმა, ასევე ხელისუფლებამ.

- რა სახის პროდუქციის წარმოებას გეგმავთ ახალ ქარხანაში?

- ვგეგმავთ ვაწარმოოთ თხილისა და მშრალი ხილის სხვადასხვა სახის პროდუქცია: ნუში, არაქისი, ჩირი (მოხალული, მარილიანი და ა.შ.). დაფასოებული პროდუქცია იქნება, საკმაოდ ფართო ასორტიმენტის. ასევე ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ვგეგმავთ ვაწარმოოთ ჩიფსი.

-თქვენი კომპანის მხოლოდ საექსპორტოდ გაიტანს პროდუქციას, თუ შიდა ბაზრის ათვისებასაც გეგმავთ?

- ჩვენი პროდუქციის ნაწილი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება. მაქსიმალურად შევეცდებით, თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქცია ქართულით ჩავანაცვლოთ. ვფიქრობ, დღეს საქართველოს ბაზარზე არ არის ამ ტიპის, მაღალი ხარისხის, რაიმე ქართული ბრენდი. უკვე გვყავს დისტრიბუციის წარმომადგენლები აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, ის კომპანიები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები რუსეთიდან აწვდიდნენ პროდუქციას (გერმანია, ჰოლანდია, იტალია) და ახორციელებდნენ მის დისტრიბუციას, მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისათვის. ასევე ვგეგმავთ პროდუქციის ექსპორტს აზიაში.

-თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს დღეს ამ ბიზნესის განვითარებისა და ინვესტორების მოზიდვის შემაფერხებელ ფაქტორებად?

- სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები. გაჭიანურებულია პროცედურები, რომლებიც საჭიროა დოკუმენტაციის მოსამზადებლად. მაგალითისთვის გეტყვით: ჩვენ უკვე დავიწყეთ ქარხნის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რისთვისაც შევიძინეთ მიწა და მოვამზადეთ მშენებლობისთვის. ერთი სიტყვით, ეს ეტაპი დასრულებულია, თუმცა ჯერ არ გვაქვს მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ვერ მივიღებთ, ვიდრე მიწა არ გადაფორმდება, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა. ეს პროცესი კი დღეს საკმაოდ გართულებულია. საკითხის გადაწყვეტა, მხოლოდ მისი მთავრობის სხდომაზე გატანის შემდეგ არის შესაძლებელი.

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

- მიუხედავად მთავრობის ეკონომიკური გუნდის, მომსახურების სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროს მაქსიმალური დახმარებისა, მსგავს პრობლემას არაერთი კომპანია აწყდება რეგიონში. ამ ეტაპზე, ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, უნდა გამოიძებნოს რაღაც გამოსავალი, თუნდაც რამდენიმეთვიანი ამნისტიის სახით, რომ ბიზნესმენებმა მშენებლობის დაწყება დაჩქარებული ტემპით შეძლონ.

- როდის დასრულდება ქარხნის მშენებლობა და რამდენი ადამიანის დასაქმება იგეგმება?

- უნდა აღვნიშნო, რომ მშენებლობაზე მხოლოდ ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. სამშენებლო პროცესსაც, არა სამშენებლო კომპანია, არამედ ჩვენ ვუწევთ ორგანიზაციას, ადგილობრივი რესურსის გამოყენებით. ვგეგმავთ სექტემბერში დავასრულოთ საწარმოს მშენებლობა და იქ 100 ადამიანი დავასაქმოთ.

-თხილი სეზონური პროდუქტია, თქვენი ქარხანა სეზონურად იმუშავებს?

- ეს იქნება პირველი ქარხანა დასავლეთ საქართველოში, რომელიც არასეზონურად იმუშავებს. ყველაზე მთავარი ამ პროექტში ისაა, რომ ეს იქნება საწარმოო ჯაჭვი ფერმერიდან - სუპერმარკეტამდე. ამასთან, ფერმერს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს დაბალპროცენტიანი სესხით (0%-დან 1,5%-მდე), რომელსაც ჩვენივე დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გასცემს. შემდეგ, მოწეულ მოსავალს ფერმერი ჩააბარებს "ბეტაჩის", რომელიც უზრუნველყოფს მის გადამუშავებას ქარხანაში. ნედლული მიეწოდება უკვე არა ევროპას, არამედ "სნესქოს" ქარხანას, სადაც მოხდება მისი დამუშავება - გადაფასოება, მიქსების გაკეთება და შემდეგ ევროპაში რეალიზაცია.

-ევროპაში ექსპორტი გულისხმობს გარკვეულ სტანდარტებს, როგორ განხორციელდება ხარისხის კონტროლი თქვენს შემთხვევაში?

- ეს იქნება მესამე ქარხანა საქართველოში, რომლის პროდუქცია FSS- სტანდარტით იქნება სერტიფიცირებული, რაც ISO-ს სტანდარტზე უფრო მაღალი დონის სერტიფიცირებაა და სრულებით აკმაყოფილებს ევროპას.

- პროდუქციის საწარმოებლად მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებთ?

- თხილი მხოლოდ ადგილობრივი იქნება, ხოლო ფისტაში და ქიშმიში შემოგვაქვს ირანიდან, ამერიკიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან. მთავარია აქ ისაა, რომ ნედლეული შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მუშავდება და ისევ გადის ექსპორტზე, ოღონდ - დამატებითი ღირებულებით. საქართველოში ხდება მისი წარმოება და ისევ გადის ექპორტზე. საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ დიდია. კვლევების მიხედვით, ექსპორტმა წელიწადში დაალხოებით 40 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს. შიდა ბაზარზე კი დაახლოებით 10 მილიონ ლარზეა საუბარი.

- მარტო სამეგრელოში გეგმავთ თხილის შესყიდვას, თუ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც?

- ჩვენ არ ვგეგმავთ მონოპოლისტები გავხდეთ, ჩვენ ვიქნებით ე.წ. ენდ იუზერები. საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გადის, ხოლო ის ქვეყნები, ვისაც იმპორტზე შემოაქვს პროდუქცია, ჩვეულებრივი მომხმარებლები არიან, როგორებიც ვიქნებით ჩვენ. შიდა რგოლი, ამ შემთხვევაში, ამოვარდება და ის დამატებითი შემოსავალი, რასაც კარგავს ქვეყანა, ისევ საქართველოს დარჩება.

- რამდენად პროგნოზირებადია თხილის ფასი?

- თხილის ფასი ძალიან რთულად პროგნოზირებადია. მომავალ კვირას ელოდებიან ყინვას თურქეთში და თუ ეს გამართლდა, სავარაუდოდ, გაისადაც მაღალი ფასი იქნება. ფერმერებისთვის ეს კარგია, თუმცა ქარხნებისთვის, განსაკუთრებით პატარა კომპანიებისთვის - საკმაოდ რთულია. თხილის ფასზე არა მარტო თურქეთმა იქონია გავლენა, მსოფლიო ბაზრის სურათი შეიცვალა, მთლიანად ბაზარი გაძვირდა.

ეკა გადახაბაძე

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: “Georgia should take advantage of sanctions against Russia” - When realpolitik meets business