სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებით მოქალაქეები ჩილეში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ

ჩილეს და საქართველოს შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება იმოქმედებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეების ჩილეს რესპუბლიკაში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ, ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისიდან შედის. ჩილეს მხარემ ქართულ მხარეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესასვლელად შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ოფიციალურად 21 აპრილს შეატყობინა.

შეთანხმებას 2013 წლის 17 სექტემბერს, სანტიაგოში ჩილეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა სეხნიაშვილის (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა "საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმებაზე. მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სანტიაგოში.

აღსანიშნავია, რომ ჩილეს მოქალაქეები 2013 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისთვის უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ.