საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში, განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის მიზნით, ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მინისტრისთვის საკუთარი იდეებისა და აზრების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.