თბილისში Max Mara-ს პირველი მაღაზია იხსნება

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი ხვალ, თბილისში პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდის Max Mara- ს პირველი ოფიციალური მაღაზიის Weekend Max Mara-ს გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

"Weekend Max Mara-ს ახალ მაღაზიაში, გაზაფხული-ზაფხული 2015 კოლექცია იქნება წარმოდგენილი. პრემიუმ ბრენდის გაზაფხულის კოლექციისთვის დამახასიათებელია "Flower Art" ტენდენცია, რომელიც შთაგონებულია ხელოვნებით. კოლექციაში დომინირებს გრაფიკული ელემენტები, ფუნჯით ნახატები, წყლისფერი ეფექტები და მრავალფეროვანი ყვავილების პრინტები პასტელის ფერებში. რაც შეეხება "Weekend Max Mara"-ს ზაფხულის კოლექციას, მისი ფერები ორიენტირებულია ლურჯი, შავი, ჟოლოსფერი და თეთრი ფერების გარშემო, დატვირთულია ნაქარგი დეტალებით, ინდური შტრიხებით და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

Weekend Max Mara წარმოადგენს Max Mara Group-ის ხაზს - "ცხოვრების სტილი", რომელიც 1984 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ყოველდღიურად მოსახმარ ტანსაცმელს სთავაზობს, ასევე იდეალურ სამოსს "ვიქენდისთვის". Max Mara-ს ეს ხაზი სწრაფად განვითარდა და მოდის სამყაროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

”Weekend Max Mara საკმაოდ მრავალფეროვანია ნებისმიერი გემოვნების ქალბატონის გარდერობის სრულყოფისთვის. ის მოიცავს ყველა კატეგორიის სამოსს (პიჯაკები, ნაქსოვი ნაწარმი, პერანგები, მაისურები, ჯინსის სამოსი და ბევრი სხვა). ასევე გვთავაზობს აქსესუარების სრულ ხაზს (ფეხსაცმელი, ჩანთები, შარფები, ქამრები, შალის მოსასხამები და სამკაული,) Max Mara ქალბატონებისთვის ქმნის სპეციალურ დიზაინს მათი სურვილების და საჭიროებების მიხედვით. სეზონიდან სეზონამდე ბრენდის ფართო სპექტრი, მთელ მსოფლიოში იზრდება", - ნათქვამია განცხადებაში.

Weekend Max Mara-ს აქვს 160-ზე მეტი მაღაზია იტალიის, ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის წამყვან სავაჭრო ცენტრებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, იაპონიისა და ჩინეთის დიდ სავაჭრო ცენტრებში.