უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთიდან, ასევე, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და ბელარუსიდან რუსულენოვანი წიგნებისა და გაზეთების შეტანას კრძალავს. კანონი, ასევე, ითვალისწინებს მესამე ქვეყნებიდან რუსულენოვანი წიგნების შეტანაზე ნებართვის მოპოვებას. ამის შესახებ ზელენსკის Telegram-არხზე არის ნათქვამი.
უკრაინის ლიდერი შენიშნავს, რომ დოკუმენტი შესაფასებლად ევროკავშირის ინსტიტუტებს გადაეგზავნა, სადაც კანონის შესწავლით გაარკვევენ, მოახდენს თუ არა გავლენას მისი ნორმები უმცირესობების, კერძოდ, ენობრივი უფლებების ვალდებულების შესრულებაზე. ევროკავშირმა ზელენსკის ახალი კანონი ბლოკში უკრაინის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფარგლებში უნდა შეისწავლოს. თავად პრეზიდენტის განცხადებით, კანონის მიღება „სწორია.“
Reuters ახლახან ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ ბლოკში გაწევრიანების შვიდი პირობიდან ორი უკვე შეასრულა. სააგენტო ევროკავშირში მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ეს ორი პირობა სასამართლო რეფორმასა და მედიის კანონმდებლობის გაუმჯობესებას გულისხმობს. ამასთან, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ პროგრესზე, რომელსაც კიევმა, ომის დაწყების მიუხედავად, მიაღწია.
რუსული წიგნებისა და გაზეთების იმპორტის აკრძალვაზე კანონი უმაღლესმა რადამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2022 წლის ივნისში მიიღო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ