მერიის იაფი სესხის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სასტუმრო გაიხსნა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქში ახალი, მერიის იაფი სესხის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სასტუმრო "ციტრუსი" გახსნა.

მერიის ინფორმაციით, სასტუმროს გახსნას დაესწრნენ მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერეკაშვილი, მთაწმინდის გამგებელი გელა არჩვაძე და მოწვეული სტუმრები. თბილისის მერის განცხადებით, ახალი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა დედაქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს მომავალში თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს და მოსალოდნელია ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან, სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

"სასტუმრო "ციტრუსი" მერიის "იაფი სესხის" პროექტის ფარგლებში 1 მილიონი ლარით დაფინანსდა. ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში ჩავერთეთ, ვინაიდან ძალიან აქტიური მოთხოვნაა ბოლო პერიოდში სამ და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი წელი ძალიან დატვირთულია და დედაქალაქში ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტარდება. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ასევე სუპერ თასის მატჩისთვის დედაქალაქს საკმაოდ ბევრი სტუმარი ეყოლება, ისევე როგორც სხვა პერიოდში, ვინაიდან ტურისტული აქტივობა მაღალია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ბერეკაშვილის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობა და განვითარება მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, შშმ პირებისთვის სასტუმროს მთლიანად ადაპტირება მერიის ინიციატივით განხორციელდა. მისივე თქმით, სასტუმრო ვიზიტორებს ბალნეოლოგიური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. მერიის ინფორმაციით, სასტუმროში 36 ნომერი, ბარი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული, აქვს საკუთარი პარკინგის ადგილი. სასტუმროში 45-მდე ადამიანია დასაქმებული.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "ციტრუსი" თბილისის ცენტრალურ უბანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს და ერთდროულად 80-მდე სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროს მშენებლობაზე 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.