SOCAR-მა და KazMunayGas-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობმიწოდების გაზრდის მემორანდუმი გააფორმეს

SOCAR და KazMunayGas (KMG) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის გაზრდით არიან დაინტერესებული. „ინტერფაქს-აზერბაიჯანის“ ცნობით, ორმა კომპანიამ ბაქოში ხელი მოაწერა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის ტრანზიტს შეეხება.

დოკუმენტს SOCAR-ის პრეზიდენტმა, როვშან ნაჯაფმა და KMG-ის საბჭოს თავმჯდომარე მაგზუმ მირზაგალიევმა მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმი განსაზღვრავს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის საერთო პირობებსა და პრინციპებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის სატრანზიტო სიმძლავრეები გაიზარდოს,“ - ნათქვამია KMG-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის მიზნით ყაზახეთმა ბთჯ-ის მილსადენით ნავთობმიწოდება წლევანდელ გაზაფხულზე დაიწყო. კერძოდ, ორ კომპანიას შორის მიღწეულია შეთანხმება ბთჯ-ის მილსადენით წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ. ამჟამად ამ მილსადენით ყაზახური მოცულობა თენგიზისა და „კოროლევსკოეს“ საბადოების ოპერატორი კომპანია Tengizchevroil-ის რესურსებიდან გადაიქაჩება, ხოლო ტრანსპორტირება SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

ამასთან, მარტში ბთჯ-ის მილსადენით ქაშაგანის საბადოს ნავთობი სატესტო რეჟიმში გადაიქაჩა. SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ვიტალი ბეგლარბეკოვმა ახლახან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ბთჯ-ის მილსადენით წელიწადში 15 მილიონი ტონა სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობებს ფლობს.

ბთჯ-ის მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

ამჟამად ამ მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მთლიანმა მოცულობამ 29,749 მლნ ტონა შეადგინა, რაც 12,6%-იანი წლიური ზრდაა. აქედან 5,104 მლნ ტონა სატრანზიტო ნავთობი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 41,8%-ით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ