რამდენი დახარჯეს სახელმწიფო უწყებებმა 2022 წელს გამარტივებული შესყიდვების წესით

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს გამარტივებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 17.6% იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში საჯარო უწყებებმა გამარტივებული შესყიდვის საფუძვლით 3 770 ხელშეკრულება გააფორმეს.

გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 299 372 990 ლარს გაუტოლდა.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში შესული გამარტივებული შესყიდვების მიმართვების რაოდენობამ 4 178 შეადგინა, მათგან 408 უკან გახმობილი, უარყოფილი და განუხილველი იყო.

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, 2022 წელს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების რაოდენობა 34 000-ზე მეტი იყო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამურად, 2022 წელს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 7 398 621 294 ლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 6 099 248 304 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 82.4%-ია, ხოლო დანარჩენი გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდიოდა.

თამარ მუკბანიანი