საქართველო მალე შეუერთდება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ბაქოში ხელმოწერილ შეთანხმებას ერთობლივი ლოგისტიკური კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR) მოემსახურება. ამის შესახებ ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ერთობლივ კომპანიას სამი ქვეყანა - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ქმნიან. ერთობლივი ლოგისტიკური კომპანია ტარიფების გაერთიანებასა და TITR-ზე ყველა ტვირთის დამუშავებაზე იმუშავებს, ხოლო მთავარი ამოცანა ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ყველა პროცედურის მაქსიმალური გამარტივებაა.
მარატ კარაბაევი ამბობს, რომ „თუ ადრე მარშრუტზე საქონლის მიწოდების დრო 53 დღე იყო, დღეს ის 18-23 დღემდე შემცირდა, ხოლო ახალი კომპანიის საქმიანობით მიწოდების დრო წელს 18 გარანტირებულ დღემდე, შემდეგ კი 10-15 დღემდე შემცირდება.“
ამასთან, ხელმოწერილი დოკუმენტი ამ სატრანსპორტო დერეფნის, კერძოდ, მასზე გამავალი სატვირთო ნაკადის მაქსიმალურ დიჯიტალიზაციას ეხება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მიზიდვა იგეგმება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ