პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ რუსული რუბლი 15-თვიან მინიმუმამდე გაუფასურდა

ევგენი პრიგოჟინის ხანმოკლე აჯანყების შემდეგ, რითაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას საფრთხე შეექმნა, ორშაბათს რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 3%-ით გაუფასურდა.

Bloomberg-ის თანახმად, მოსკოვის დროით 09:35 საათზე რუსული ვალუტა 85,1050 დოლარს გაუტოლდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის მარტის შემდეგ. მაშინ რუბლი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა პუტინის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში.

კერძო სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერის" ლიდერმა უკან შაბათს დაიხია, მას შემდეგ, რაც მისი არსენალი რუსეთის დედაქალაქს 125 მილის მანძილზე მიუახლოვდა პუტინის არმიის მეთაურის გადაყენების მოთხოვნით. თუმცა, საქმეში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩართვის შემდეგ, სიტუაცია განიმუხტა.

აღსანიშნია, რომ წელს რუბლმა თავისი ღირებულების, დაახლოებით, 13% დაკარგა ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მსოფლიოს განვითარებად ბაზრებს შორის.

ცნობისთვის, 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ გასამხედროებულ დანაყოფზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი სამართლიანობის აღსადგენად და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ბოროტების შესაჩერებლად დაიძრა, თუმცა ამას სამხედრო გადატრიალება არ უწოდა. პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ზურგში დარტყმა" უწოდა.

კახი ჩაკვეტაძე