Renault-მა Formula 1-ის 218 მილიონ დოლარიანი წილი გაყიდა

ფრანგული კომპანია Renault-ი Formula 1-ის 900 მილიონ დოლარიანი ბიზნესის 24%-იან წილს ყიდის. მყიდველი ინვესტორთა ჯგუფია, რომელსაც სათავეში RedBird Capital Partners და Otro Capital დგანან.

კერძოდ, RedBird, Otro Capital და Maximum Effort Investments დახარჯავენ 200 მილიონ ევროს (218 მილიონი აშშ დოლარი) ჯგუფ Alpine Racing-ის შესაძენად. აღსანიშნია, რომ ინვესტორთა შორის არიან მსახიობები - რაიან რეინოლდსი და რობ მაკლეჰენი, რომლებიც ვრექსემის საფეხბურთო კლუბსაც ფლობენ.

Alpine Racing SAS, კომპანია, რომელიც აწარმოებს F1 ძრავებს საფრანგეთში, არ არის გარიგების ნაწილი და 100%-ით Renault-ის საკუთრებაში დარჩება.

Renault-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლუკა დე მეო ცდილობს, აამაღლოს ბრენდის პროფილი სპორტული მანქანების ბიზნესის გაფართოებითა და ელექტრიფიკაციისკენ სწრაფვით, ხოლო Formula 1 მისი სტრატეგიის მთავარი ნაწილია.

გარიგების შედეგად, Alpine-ს ინვესტორთა გამოცდილი გუნდი ჩაიბარებს. RedBird მართავს 8.6 მილიარდი დოლარის კაპიტალს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, სპორტის, სამომხმარებლო და ფინანსური სერვისების ჩათვლით. შარშან მან 1.2 მილიარდი ევროს სანაცვლოდ საფეხბურთო კლუბი მილანი შეიძინა და ასევე ფლობს საფრანგეთის საფეხბურთო გუნდს Toulouse FC. ალეკ შაინერი, Otro Capital-ის თანადამფუძნებელი და პარტნიორი, Alpine-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდება.

აღსანიშნია, რომ ინვესტორებს სულ უფრო მეტად იზიდავთ Formula 1, სპორტი, რომლის პოპულარობაც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. შეთანხმების თანახმად, ჯგუფი დაეხმარება Alpine-ს განვითარებაში ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მედია, სპონსორობა, ბილეთების გაყიდვა, კომერციული უფლებების მენეჯმენტი, ლიცენზირება და სავაჭრო სტრატეგიები.

კახი ჩაკვეტაძე