ლე ბურჟეს საავიაციო გამოფენაზე 150 მლრდ დოლარის კონტრაქტები გაფორმდა

პარიზის ლე ბურჟეს საერთაშორისო აეროკოსმოსურ გამოფენაზე გაფორმებული კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 150 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 10 მილიარდით მეტია 2019 წელთან შედარებით. ამის შესახებ საფრანგეთის საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის ჯგუფმა განაცხადა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.

საჰაერო შოუს ყველაზე დიდი გარიგება, რომელიც 25 ივნისს შედგა, იყო 500 Airbus A320neo თვითმფრინავის მიყიდვა IndiGo-სთვის. გარიგების ღირებულება ოფიციალურად არ იყო გამჟღავნებული, მაგრამ გაზეთ Le Figaro-ს თანახმად, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 55 მილიარდი ევრო. შეკვეთების დიდი პორტფელის გარდა, ევროპულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა ასევე გამოაცხადა, რომ ითვისებს მოწინავე ტექნოლოგიებს. ეს არის ძრავი სამგზავრო თვითმფრინავისთვის, რომელიც იმუშავებს წყალბადზე. ტექნოლოგია, რომელიც მთლიანად წყალბადის ლაინერის საწინდარი უნდა გახდეს, 2025 წლისთვის შემოწმდება HyPower ტექნოლოგიის დემონსტრატორში.

საჰაერო შოუს დროს ინდუსტრიაში ემისიების შემცირების თემა იყო ერთ-ერთი დომინანტური საკითხი. ლე ბურჟეს აეროპორტის აეროდრომზე, ისევე როგორც საგამოფენო პავილიონებში, წარმოდგენილი იყო პერსპექტიული თვითმფრინავების და თვითმფრინავების ძრავების ათობით ნიმუში, რომლებიც მუშაობს ელექტროზე. ამასთან, აქტიურად განიხილებოდა ე.წ მდგრადი საავიაციო საწვავის დანერგვის საკითხი, რომელიც შეამცირებს სათბური გაზების გამოყოფას.

ღონისძიებაზე დასწრება რეკორდული იყო: 19-დან 25 ივნისამდე დაფიქსირდა 400 ათასი ვიზიტი - 130 ათასი პროფესიონალი ვიზიტორი და 170 ათასი ჩვეულებრივი სტუმარი. შოუს წინა რეკორდი 2017 წელს დაფიქსირდა, როდესაც ორგანიზატორებმა 375 000 ვიზიტორი დააფიქსირეს. ასევე, დასკვნით დღეს წარმოდგენილი ინფოგრაფიკის მიხედვით, ავიაშოუზე დარეგისტრირდა 2,5 ათასი გამოფენა 46 ქვეყნიდან.

ეს საჰაერო შოუ ტრადიციულად ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2021 წელს ის კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. 55-ე გამოფენა კი 2025 წელს გაიმართება.

კოკა კვირკველია