Ultimate Fighting Championship (UFC) პრეზიდენტი დანა ვაითი აცხადებს, რომ მარკ ცუკერბერგსა და ილონ მასკს შორის გალიაში ორთაბრძოლას შეუძლია მოიტანოს 1 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტი შემოსავალი.
მანვე განაცხადა, რომ დღეს ბევრი ფიქრობს, თითქოს ეს მილიარდერების ხუმრობაა, რაც აუდიტორიას და მედიას ართობს, თუმცა მათ ორთაბრძოლის სურვილი კვლავ აქვთ.
„ეს იქნება ყველაზე ნახვადი ორთაბრძოლა მსოფლიოს ისტორიაში“ - განაცხადა დანა ვაითმა TMZ-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ მისი ნახვისთვის გადახდილი თანხა ყველანაირ რეკორდს მოხსნის.
დანა ვაითმა განმარტა, რომ წინა ყველაზე პოპულარული ბრძოლა იყო კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ, რომელიც 2017 წელს გაიმართა და რომელმაც 600 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. მისი პროგნოზით, მასკ-ცუკერბერგის ბრძოლამ შესაძლოა, ეს თანხა გაასამმაგოს.
ვაითის თქმით, მილიარდერები "აბსოლუტურად სერიოზულად" უყურებენ ბრძოლის შესაძლებლობას და აცხადებენ, რომ საათნახევარი ესაუბრებოდნენ მარკ ცუკერბერგსა და ილონ მასკს.
”თუ ეს ბიჭები სერიოზულები არიან, მე ჩავატარებ ბრძოლას, რომლის ნახვაც ხალხს უნდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - თქვა მან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მილიარდერების ბრძოლის ონლაინ ნახვის საფასური 100 დოლარი იქნება. ითქვა, რომ ის მოიტანდა ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს, რომელიც მოხმარდება ქველმოქმედებას.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგი რინგზე მას შემდეგ გამოიწვია, რაც ცნობილი გახდა, რომ Meta ამზადებს სოციალურ ქსელ Twitter-ის კონკურენტს.
ამავდროულად, 75 წლის სუპერმოდელმა მეი მასკმა, ილონ მასკის დედამ აუკრძალა შვილს ცუკერბერგთან რინგზე გასვლა.